ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ჩავიდა. ნეთანიაჰუ იქ მებრძოლ ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა.
ის ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურებისგან საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.
„ვიცი, რომ თქვენ ოჯახები დატოვეთ და რომ ოჯახები მხარდაჭერას გიცხადებენ. ეს არის ის ძალა, რომელიც გამარჯვების გასაღებია. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი - ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია დავასრულოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია, დაგიცვათ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
მეორე - ჩვენ არ გავჩერდებით, ყველას, ვინც გაჩერებაზე საუბრობს ვეტყვი - არა. ჩვენ არ ვჩერდებით. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ვიდრე („ჰამასს“, რედ.) ბოლოს არ მოვუღებთ, იქამდე არ გავჩერდებით," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა დაიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყების შესახებ გამოაცხადა.