საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამავე გზის კმ30-კმ170 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აკრძალულია, ხოლო კმ90-კმ170 (დიზი-კალა) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა კი თავისუფალია. დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი. 27-28 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა 28 დეკემბერს მაღალმთაში ზოგან კვლავ ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.