რუსეთი მის სადესანტო ხომალდზე უკრაინელების თავდასხმას ადასტურებს, თუმცა ზიანის მასშტაბზე არ საუბრობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ფეოდოსიის პორტში სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ თავდასხმა მოხდა.

უწყების თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტაქტიკური ავიაციიდან გაშვებული მართვადი რაკეტების გამოყენებით თავდასხმის შედეგად, ხომალდი დაზიანდა. თუმცა თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რამდენად სერიოზულად დაზიანდა ხომალდი.

ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.