თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერდოღანმა ისრაელი ნაცისტურ გერმანიას ადარებს. 2014 წლის ივლისში თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი ღაზის სექტორთან ომის დროს „ჰიტლერის სულისკვეთების შენარჩუნებაში“ დაადანაშაულა.
ერდოღანმა ისრაელის კრიტიკა მიმდინარე ომის დროს გააძლიერა. ერდოღანმა ისრაელი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია.
„ღაზის სექტორში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნეთანიაჰუს ქმედებებსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს,“ - განაცხადა ერდოღანმა. საჯარო გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ჩუმად რჩებიან მაშინ, როცა “ისრაელის სისასტიკის შეჩერებაა საჭირო.“
ევროკავშირი, აშშ და ისრაელი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ.