შსს-ს 20 ივნისს დაზარალებულისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა – საია

საია-ს ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულთა სასარგებლოდ შეცვალა.

ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი სულაშვილია, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა, თუმცა საქალაქო სასამართლომ უარი განუცხადა ყოველთვიური სარჩოს დანიშვნაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით დააკისრა, რაც საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.


საიას განცხადებით, 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე – ნინო ყანჩაველი) არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი სულაშვილსა და კიდევ ერთი დაზარალებული პირის სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, შსს-ის დაეკისრა გიორგი სულაშვილისთვის 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით.


რაც შეეხება მეორე დაზარალებულს (რომელსაც იდენტიფიცირება არ სურს), მისთვის შსს-ის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით, 1155 ლარის გადახდა ჰქონდა დაკისრებული. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და შსს-ის მის სასარგებლოდაც დააკისრა 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება. საიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არ არის შესული.


შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, რომლის დროსაც, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა, ანტისაოკუპაციო აქცია მოჰყვა.

გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა. სერგეი გავრილოვი კ,ი რამდენიმე საათში დაცვის წევრებმა პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წაიყვანეს.


ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის დაიწყო. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა. მათ მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს.


22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, მალევე სამართალდამცავები ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი. 21 ივნისს პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“ სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.