რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ახალი სამხედრო დახმარება

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდასაჭერად სამხედრო დახმარების ახალი და მიმდინარე წელს ბოლო პაკეტი გამოაცხადა.

ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვას და საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ნაღმების წმენდის აღჭურვილობასა და სამედიცინო მანქანებს.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.


აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, უახლესი დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს NASAMS და HIMARS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

აშშ უკრაინას ასევე უგზავნის 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს; Stinger და TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე, Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს; 15 მილიონზე მეტ ტყვიასა და სხვა აღჭურვილობა.


დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისათვის დახმარების გაგრძელებას 2026 წლის ბოლომდე. ეს საშუალებას იძლევა, გადაურიცხონ უკრაინას 300 მილიონი დოლარი 2024 წლის 30 სექტემბრამდე ანუ ფინანსური წლის დასრულებამდე და შემდეგაც. პროგრამა შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოყოფილი თანხა გამოყენებული იქნება უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის და არა ამერიკული მარაგებიდან სამხედრო ტექნიკის პირდაპირი მიწოდებისთვის.

6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ 175 მილიონი დოლარის პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. საერთო ჯამში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა კიევს 44,2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.