ძლიერმა ქარმა საქართველოში პრობლემები შექმნა

თბილისში ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა ავტომანქანები და სახლებს სახურავები გადახადა. 

თბილისის მერია ძლიერი ქარით გამოწვეული შედეგების შესახებ იუწყება. ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში წააქცია ხეები, დაამტვრია ხის ტოტები, დააზიანა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. რამდენიმე ხე ავტომანქანებს დაეცა. 


ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მოგლეჯილი ხეებისა და ხის ტოტების გატანას შპს „ეკოსერვისი“ ახორციელებს," - აცხადებს მერია.

  • უამინდობისგან შექმნილი პრობლემის გამო მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ყვარელი - ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, უღელტეხილი დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებითაც.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა, სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს.

სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი, ძლიერმა ქარმა საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.

უამინდობის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტების ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

რადიო თავისუფლების ცნობით, მერიებში განაცხადეს, რომ გზების გაწმენდას დაიწყებენ, მას შემდეგ რაც ქარი ჩადგება.