პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის პრესსამსახურის ცნობით, დაუდგენელი ობიექტის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ ინციდენტი შეიძლება, უკრაინაზე რუსეთის მასიურ საჰაერო თავდასხმას უკავშირდებოდეს.
„ობიექტი უკრაინის საზღვრიდან შემოვიდა," - განუცხადა საინფორმაციო არხ TVN24-ს, პოლკოვნიკმა იაცეკ გორიშევსკიმ, შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა.
მისივე თქმით, „ღამით უკრაინის ტერიტორია ინტენსიურად დაიბომბა. „ასე რომ, ეს ინციდენტი შეიძლება, სწორედ ამას უკავშირდებოდეს.“
„საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან მას აკვირდებოდნენ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემები," - ნათქვამია თავის მხრივ, პრესსამსახურის განცხადებაში.
შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა შტაბმა არსებული ძალებისა და რესურსების მობილიზება მოახდინა. პოლონური მედიის ცნობით, სამხედროები ეძებენ ჩამოვარდნილ ობიექტს ან ობიექტის ნამსხვრევებს უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ ზამოსცის სამხრეთ-დასავლეთში. პოლონეთის არმია ობიექტის მოძრაობის ტრაექტორიასაც აანალიზებს. ჯერჯერობით ობიექტი ნაპოვნი არ არის, სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ ობიექტს ტრაექტორია შეეცვალა და კვლავ უკრაინაში დაბრუნებულიყო.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დაუყოვნებლივ მოითხოვა ეროვნული უშიშიროების საბჭოს სხდომის ჩატარება.