უკრაინაში რუსეთის მასირებული იერიშისას 18 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის მასირებული იერიშისას თვრამეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

საჰაერო ძალები აცხადებს, რომ "არასდროს უნახავთ, ამდენი ლოკაცია ერთდროულად ქცეულიყო სამიზნედ.“


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი "თითქმის ყველა ტიპის იარაღს იყენებდა თავის არსენალში."

თავს დაესხნენ უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს.

„სამშობიარო, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, კომერციული საწყობები, ავტოსადგომები, კიევი, ლვოვი, ოდესა, დნიპრო, ხარკოვი, ზაპოროჟიე და ჩვენი სხვა ქალაქები. რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს: „კინჟალებით“, S-300-ით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, სტრატეგიულმა ბომბდამშენებით გაშვებული Kh-101/X-505 რაკეტებით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


მისი თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 110-მდე რაკეტა გაუშვეს, მაგრამ სამიზნეების უმეტესობა უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს.

„სამწუხაროდ, დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ყველა შესაბამისი სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს და ხალხს საჭირო დახმარებას უწევს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტებს მათი თავდასხმებისთვის და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის, მთელი ჩვენი ერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს - და ზუსტად ასეც იქნება,” - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში უკრაინამ რუსეთის სამხედრო ხომალდს ოკუპირებული ყირიმის პორტ ფეოდოსიაში დაარტყა. ზიანი აღიარა რუსულმა მხარემაც.