ოპერის გაფიცული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ოპერის გაფიცული თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

17 თანამშრომელი, რომლებიც 53 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები, სამსახურიდან ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი მაისურაძის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ. პროფკავშირების ცნობით, გაფიცულმა თანამშრომლებმა ოპერის ხელმძღვანელს 25 დეკემბერს აცნობეს გაფიცვის შეწყვეტის შესახებ და მიმართეს წერილით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 26 დეკემბრიდან ისინი ჩვეულებრივად შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას.

ბრძანების თანახმად, ოპერამ უკვე აიყვანა მათ ნაცვლად ახალი თანამშრომლები, ვინაიდან თეატრში აქტიური სეზონი მიმდინარეობს, გასამართია სპექტაკლების პრემიერები და ხელი ეშლებოდა გაფიცვით თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას.


„ჩვენ მივაღწიეთ ხელფასების 40%-იან ზრდას და შრომის ინსპექციის შესვლას ოპერაში, რაც დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობის გამოსწორების საწინდრად მივიჩნიეთ, ამიტომ გაფიცულებმა ჩათვალეს, რომ გაფიცვის საფუძველი ამოიწურა და გადაწყვიტეს სამუშაო ადგილზე დაბრუნება. პროცედურის დაცვით, ჩვენ ოპერის ადმინისტრაციას ვაცნობეთ ამის შესახებ, თუმცა ოპერაში დასაქმებულებს ადმინისტრაცია კანონდარღვევით არ უშვებდა, დღეს კი გვაცნობეს, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი, ანტიკონსტიტუციური უკანონობა" - წერს ფეისბუკზე პროფკავშირების დამფუძნებელი ნიკოლოზ წიქარიძე. მისი თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას უკვე სასამართლოში გააგრძელებენ ოპერის წინააღმდეგ.

ოპერის ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუკეთებია.