SpaceX-მა აშშ-ის სამხედრო კოსმოსური თვითმფრინავი გასაიდუმლოებული მისიით ორბიტაზე გაუშვა

ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა აშშ-ის სამხედრო კოსმოსური თვითმფრინავი X-37B გასაიდუმლოებულ მისიაზე კოსმოსში გაუშვა. როგორც Associated Press-ი წერს, ეს მისია სულ მცირე ორი წელი გაგრძელდება.

ბორტზე ადამიანები არ იმყოფებიან. კოსმოსური თვითმფრინავი რაკეტა Falcon Heavy-ით ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა.

ეს X-37B-ს კოსმოსური თვითმფრინავის რიგით მე-7 ფრენაა, მას შემდეგ, რაც მისი დებიუტი 2010 წელს შედგა. მას კოსმოსში ფრენის 10-წლიანი ისტორია აქვს. მეექვსე უეკიპაჟო მისიიდან X-37B დედამიწაზე გასული წლის ნოემბერში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ორბიტაზე 900 დღეზე მეტხანს იმყოფებოდა.