ირაკლი კობახიძე: დადასტურდა, რომ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ ყოფილა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების საკითხზე განაცხადა, რომ რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას და დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ ყოფილა ქვეყანაში.

„დღეს დასრულდა სივრცე ყველანაირი სპეკულაციებისთვის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. თუ არაფორმალური მმართველობა იყო დაბრუნება რატომ სჭირდებოდა?

დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას არ ჰქონია ადგილი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს ჯანსაღი მოვლენაა, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ეს. რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას,“ - აღნიშნა კობახიძემ.


კობახიძის თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს არამარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას, მისცემს შესაძლებლობებს რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს შემდგომში. მადლობა უნდა გადავუხადოთ ივანიშვილს ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი.


ძალიან კარგად განმარტა გადაწყვეტილების მიზანი და მიზეზი. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს სისუსტე აქვს საარჩევნოდ, პირიქით, თავად ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს გუნდს ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს. მის სიტყვაში იყო ნათქვამი, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, იმ პირობებში, რაზეც ბიძინა ივანიშვილის საუბრობდა, რომ ოპოზიცია სრულად მოშლილია და განადგურებული, სხვა გამოწვევებია, სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ყველაფერი განიმარტა, რომ როდესაც ოპოზიცია არის აბსოლუტურად მოშლილი, არ შესწევს უნარი კონტროლი განახორციელოს მმართველი გუნდის საქმიანობაზე, ასეთ დროს, ბუნებრივად ჩნდება რისკები. არაფერი და არავინ კონკრეტული, საუბარია ზოგად რისკებზე, რაზეც მინიშნება ჰქონდა ივანიშვილს,“ - აღნიშნა კობახიძემ.


ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ „პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება.“

„ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.


ცნობისთვის, საარჩევნო სია საბოლოო სახით ზაფხულისთვის ან შემოდგომის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდება. არჩევნებისთვის სამზადისი იანვრიდან დაიწყება.

„წინასწარ აქტიურ საარჩევნო ფაზაზე გადავალთ უკვე ივლისიდან, თუმცა, იანვრიდან, რა თქმა უნდა, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება. სიის ფორმირებას რაც შეეხება, უფრო საბოლოო სახით ჩამოყალიბდება ზაფხულისთვის, ან შემოდგომის დასაწყისისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.