ირანული სამხედრო ხომალდი წითელ ზღვაში შევიდა

ირანული სამხედრო ხომალდი წითელ ზღვაში შევიდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანის არმიის 94-ე საზღვაო ფლოტის სამხედრო ხომალდმა IRIS Alborz-მა ბაბ ელ-მანდების სრუტე გაიარა.

საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანული ხომალდები რეგიონში საზღვაო სავაჭრო გზებს იცავენ.


ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით, ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი არიან. აშშ-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების ოპერაციას წითელ ზღვაში, საბერძნეთიც შეუერთდა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების დაჯგუფება Ansar Allah-ი იემენის ნაწილს აკონტროლებს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მეამბოხეებმა სამიზნედ გამოაცხადეს ისრაელის გემები, თუმცა თავს ესხმიან სხვა ქვეყნების სატვირთო გემებსაც. თავდასხმის მცდელობა იყო ამერიკულ სამხედრო გემებზეც, რომლებიც წითელ ზღვაში პატრულირებენ.