უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ ფიქრობს, რომ 2024 წელს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად შესაძლო არჩევას შეუძლია, ნეგატიურად იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერაზე, თუ ტრამპისადმი მიდგომას იპოვიან.
მისი თქმით, ტრამპი ისეთი ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ უნდა იცოდე როგორ.
„ტრამპი თავისი, ასე ვიტყოდი, ულტრაქარიზმატული საქციელებით, თავისი რეპუტაციითა და ფრაზებით აღიქმება. მაგრამ ვინ მიყიდა უკრაინას პირველი ამერიკული იარაღი? - პრეზიდენტმა ტრამპმა - Javelin. ვინ დაიწყო უკრაინისთვის პირველი სამხედრო-საზღვაო გემების, Island და Mark-6 ტიპის კატერების, უფასო გადაცემა? - ტრამპმა. ვინ ებრძოდა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს და სანქციები დაადო ცნობილ, მაგრამ უკვე მივიწყებულ გემს Fortuna, რომელიც ამ გაზსადენს აწყობდა? - ეს ტრამპი იყო,” - განაცხადა კულებამ.
მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ტრამპთან ან ნებისმიერ სხვა ამერიკელ ლიდერთან რაიმე შეთანხმებების არსებობის შესაძლებლობა უარყო.
„ამიტომ ტრამპი - ის ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ უნდა იცოდე მასთან მუშაობა. თუ არჩევნებამდე მივა და თუ გაიმარჯვებს, ის სრულიად განსხვავებული იქნება, ვიდრე პრეზიდენტი ბაიდენი, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უზომოდ მადლიერები ვართ. ძალიან ბევრი „თუ“ არსებობს, მაგრამ უკრაინას არაფრის არ უნდა ეშინოდეს, არანაირი არჩევნების და არანაირი მოქმედი ან სამომავლო პოლიტიკოსების,“ - განაცხადა კულებამ.