ლატვიამ უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსეთის მოქალაქეს თავშესაფარი მისცა

ლატვიის სასამართლომ ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსეთის მოქალაქისთვის თავშესაფრის მინიჭება დაავალა.

მანამდე მას ლატვიის მიგრაციის სამსახურებმა უარი უთხრეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მაგრამ დეკემბრის ბოლოს სასამართლომ დაადგინა, რომ მას დაცვის უფლება ჰქონდა.

ლატვიის მიგრაციის სამსახურების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაში დაბრკოლებას ვერ ხედავს.


ლატვიური გამოცემა Delfi წერს, რომ რუსეთის მოქალაქემ, რომლის სახელიც არ ხმაურდება, 2022 წელს სასამართლოს მიმართა. ის ლატვიაში დაიბადა, მოგვიანებით ცხოვრობდა უკრაინაში, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა.


2014 წელს მოხალისედ შეუერთდა ბატალიონ „დონბასს“, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა. რამდენიმე თვის შემდეგ დატოვა თავისი რაზმი, რადგან ტრავმების გამო ბრძოლებში მონაწილეობა აღარ შეეძლო.


სახალხო ლაშქრის წევრი ცდილობდა უკრაინის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღებას, მაგრამ ვერ შეძლო ხელისუფლებისთვის დოკუმენტების სრული პაკეტის მიწოდება, რადგან დაბომბვის დროს მისი რუსული პასპორტი დაიწვა, ხოლო რუსეთში წასვლა დოკუმენტების აღსადგენად მას ეშინოდა.