დმიტრო კულება დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე: ჩვენ არ გვაქვს „გეგმა B“, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ „გეგმა A-ში“

უკრაინას სჯერა "გეგმის A"-სი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით და მისი შეწყვეტის შემთხვევაში ალტერნატივა ("გეგმა B") არ აქვს.

CNN-თან ინტერვიუში, კითხვას, როგორია უკრაინის "გეგმა B" იმ იარაღის დეფიციტის კომპენსირებასთან დაკავშირებით, რომელსაც ის დასავლეთის ქვეყნებიდან ვერ მიიღებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ არ გვაქვს „გეგმა B“, ჩვენ დარწმუნებულები ვართ „გეგმა A-ში.“


დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ყოველთვის იბრძვის იმ რესურსებით, რაც აქვს და როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა სწორად განაცხადა, რასაც უკრაინას აძლევენ, ქველმოქმედება არ არის.

„ეს არის ინვესტიცია NATO-ს დასაცავად და ასევე ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის დასაცავად,“ - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი NATO-ზე თავდასხმას ვერ გაბედავს.

„ისინი, ვინც თავიანთი საგარეო პოლიტიკური გათვლებით თვლიან, რომ პუტინი ვერ გაბედავს NATO-ს ქვეყანაზე თავდასხმას, თუ დაინახავს, რომ უკრაინაში წარმატების მიღწევა შეუძლია, უზარმაზარ შეცდომას უშვებენ. როგორიც არ უნდა იყოს ფასი დღეს, ყველაფრის ფასი, რაც მოხდება, თუ უკრაინა დღეს დახმარებას არ მიიღებს, ბევრად უფრო მაღალი იქნება. ამიტომ, გვჯერა „გეგმა A“-სი, ჩვენ ვმუშაობთ „გეგმა A“-ზე და ჩვენ მას განვახორციელებთ,“ - აღნიშნა კულებამ.


ვაშინგტონში, 3 იანვარს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი 2023 წლის 27 დეკემბერს გამოიყო და თუ უახლოეს ხანში კონგრესი გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბიუჯეტში თანხა აღარ აქვთ.


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში მიმართა უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად 61 მილიარდ დოლარზე მეტის მისაღებად, თუმცა, ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უკრაინის დახმარების საკითხის განხილვა 2024 წლის დასაწყისიდან უნდა განახლდეს. წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ. 


პენტაგონის თანახმად, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.