ისრაელი სამხრეთ აფრიკას აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისწამებაში ადანაშაულებს

ისრაელი აბსურდსა და  ცილისწამებას უწოდებს საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილ სარჩელს, რომლითაც ის ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება მთავრობის სპიკერმა გააკეთა. ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუც.

სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს. ICJ-სადმი მიმართვის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვალდებული იყო, „აღეკვეთა გენოციდი.“ 


30 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ღაზის სექტორში ჩადენილი ქმედებების გამო,“ სამხრეთ აფრიკა ისრაელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. 84-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ისრაელის ქმედებები და უმოქმედობები“ არის „გენოციდური ხასიათის, რადგან ისინი მიმართულია პალესტინის ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებისკენ.“


ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ აფრიკა „სერიოზულად არის შეშფოთებული მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გამო, რომლებიც ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ ძალის განურჩეველი გამოყენებისა და მოსახლეობის იძულებით გადაადგილების გამო.“

სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინის ტერიტორიიდან „მუდმივად შემოდის ცნობები საერთაშორისო დანაშაულებზე, როგორებიცაა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები, ისევე როგორც ცნობები ქმედებებზე, რომლებიც გენოციდის ზღვარს აღწევს.“
 
სამხრეთ აფრიკის მთავრობის ადვოკატები საქმის განხილვისთვის 11 და 12 იანვარს ემზადებიან. ICJ, რომელიც ჰააგაში, ნიდერლანდებში მდებარეობს, გაეროს უმაღლესი სასამართლოა. ის აგვარებს დავებს სახელმწიფოებს შორის და იძლევა საკონსულტაციო მოსაზრებებს საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე. მას არ აქვს დევნის დაწყების უფლება. თუმცა მის მოსაზრებებს დიდი მნიშვნელობა აქვს გაეროს და სხვა საერთაშორისო იურიდიული ორგანოებისთვის.

ცნობისთვის, აშშ ისრაელის ქმედებებში გენოციდის ნიშნებს ვერ ხედავს.
 
„ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ქმედებებს, რომლებიც წარმოადგენენ გენოციდს,” - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა რეგულარულ საინფორმაციო ბრიფინგზე.