შეერთებული შტატები არ გაუწევს უკრაინას სამხედრო დახმარებას 2022-2023 წლების დონეზე, რადგან ვაშინგტონი ცდილობს ქვეყანას საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზის აშენებაში დაეხმაროს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას სამხედრო დაფინანსების იმავე დონეზე, როგორც 2022 და 2023 წლებში,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
მილერი ამბობს, რომ ვაშინგტონს სურს, კიევი ფეხზე დადგეს და განავითაროს საკუთარი სამხედრო-ინდუსტრიული ბაზა. შეერთებულ შტატებში არ მიაჩნიათ, რომ უკრაინის იმავე დონეზე მხარდაჭერის აუცილებლობა არსებობს.
„არ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელი უნდა იყოს, რადგან ჩვენი მიზანია, უკრაინა ფეხზე დადგეს და დავეხმაროთ მას საკუთარი ინდუსტრიული ბაზისა და საკუთარი სამხედრო ინდუსტრიული ბაზის აშენებაში, რათა შეძლოს დამოუკიდებლად შეიძინოს და შექმნას საბრძოლო მასალა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამ გზაზე არ ვართ და ამიტომ არის ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ კონგრესმა მიიღოს დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, რადგან ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უკრაინას შეუძლია, მხოლოდ თავად დაიცვას საკუთარი თავი,“ - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.