პრორუსული პოზიციებისა და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო, შვედეთის მთავრობა მალის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას შეუჩერებს. განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა იოჰან ფორსელმა 5 იანვარს TV4-თან საუბრისას გააკეთა.
„როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა ქვეყნებთან, ჩვენ ასევე გვსურს, რომ ამ ქვეყნებმა ითანამშრომლონ შვედეთთან, მაგრამ მალის სამხედრო ხუნტა რუსეთისკენ ტრიალდება და მხარს უჭერს მის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ფორსელმა.
დასავლეთ აფრიკის ქვეყანა რუსული გავლენის მნიშვნელოვანი კამპანიის სამიზნეა მას შემდეგ, რაც 2021 წელს მალის არმიამ მთავრობა გადატრიალების შედეგად დაამხო. „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი მეთაურობდა, განსაკუთრებით აქტიური იყო მალიში. ამ დაჯგუფებას ომის დანაშაულებსა და ფართოდ გავრცელებულ ძარცვაში სდებენ ბრალს.
მალიმ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციების მხარდაჭერისგან, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიან ომს გმობენ და რუსული ჯარების მიერ უკრაინის დატოვებას მოითხოვენ. შვედმა მინისტრმა იოჰან ფორსელმა განმარტა, რომ დახმარების განაწილებისთვის პირობები მალის გარდა სხვა ქვეყნებში უკეთესია.
„ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსება შეწყდება, მაგრამ გადაუდებელი დახმარება, როგორიცაა, საკვები, წყალი და მედიკამენტები, გაგრძელდება,“ აღნიშნა მინისტრმა.
„ზოგადად, შვედეთი ხელახლა აყალიბებს მიდგომას საერთაშორისო დახმარების მიმართ, რათა „უზრუნველყოს ისეთი მიდგომა, როცა ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საერთაშორისო კანონმდებლობას ძირს არ უთხრიდნენ და არ უჭერდნენ მხარს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ,“ განმარტა შვედმა მინისტრმა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში შვედეთმა მალის 388 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია.