ფინეთი რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვას მომავალი წლიდან გეგმავს

ფინეთი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვას მომავალი წლიდან გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფინეთის გარემოს დაცვისა და კლიმატის მინისტრმა კაი მიკანენმა გაზეთ Helsingin Sanomat-ს 5 იანვარს განუცხადა.

„არ მინდა რაიმე კონკრეტული თარიღის თქმა, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალ წელს ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როცა აკრძალვა ძალაში შევა,“ აღნიშნა მიკანენმა.

მინისტრის განმარტებით, ეს შეიძლება, გაკეთდეს ევროკავშირის გაზის ბაზრის ეფექტიანი რეფორმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის წევრებმა და ევროპარლამენტმა დეკემბრის დამდეგს შეათანხმეს.


რეფორმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებით აკრძალონ რუსეთისა და ბელორუსის მილსადენებით ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის იმპორტი. ამასთან, აკრძალვა შეიძლება, დაწესდეს მხოლოდ შეზღუდული დროით, ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ.

როგორც მოსალოდნელია, შესაბამისი დადგენილება გაზაფხულზე შევა ძალაში. ამის შემდეგ ფინეთის ხელისუფლება შეძლებს, საკუთარი წინადადება წამოაყენოს იმპორტის აკრძალვის შესახებ.

როგორც Helsingin Sanomat-ი წერს, შარშან რუსეთმა ევროპას თითქმის 16 მილიონი ტონა გათხევადებული აირი მიაწოდა. მკვეთრად შემცირდა ევროპაში მილსადენებით გაზის მიწოდება, გათხევადებული გაზის ექსპორტი კი, გაიზარდა. რუსეთის გათხევადებული გაზის უდიდესი შემსყიდველები არიან ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდი.

მიკანენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი რუსული გათხევადებული გაზის მხოლოდ მცირე მოცულობის იმპორტს ახორციელებს.