ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს - ლაიენი

რუსეთის ბოლოდროინდელი სასტიკი საჰაერო თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მხოლოდ ხაზს უსვამს აუცილებლობას, ევროკავშირი დათანხმდეს მექანიზმს, რათა გააგრძელოს უკრაინის მდგრადი ფინანსური მხარდაჭერა.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკომისია ბელგიის პრეზიდენტობის პერიოდში იმუშავებს პრიორიტეტებზე, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერაზე.


ლაიენის თქმით, ევროკომისია ევროპულ საბჭოს წარუდგენს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირის ლიდერებს საშუალებას მისცემს, შეთანხმდნენ უკრაინის მექანიზმზე.
 
„შემდეგ ბელგიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისას ექნება მთავარი ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეს პოლიტიკური შეთანხმება საბჭოში და ევროპარლამენტში სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით,“ აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
 
როგორც ცნობილია, ევროპულმა საბჭომ 2023 წლის 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამავდროულად, ევროპელი ლიდერები ვერ შეთანხმდნენ ევროკავშირის 2024-2027 წლების მრავალწლიან ბიუჯეტში ცვლილებებზე, რომლებიც, კერძოდ, ითვალისწინებდა 50 მილიარდი ევროს დახმარების მექანიზმის შექმნას უკრაინისთვის. ამ დოკუმენტზე გადაწყვეტილება უნგრეთმა დაბლოკა. 2024 წლის პირველ თებერვალს ბრიუსელში გაიმართება ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც ბიუჯეტისა და უკრაინის ფინანსური დახმარების გაგრძელების საკითხები განიხილება.