აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპი საუბრობს იმის შესახებ, რომ ამერიკის სისხლი მოწამლულია, რითიც იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ. ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპი ამაყად აქვეყნებს სოციალურ მედიაში სიტყვებს, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს მის 2024 წლის კამპანიას: „შურისძიება, ძალაუფლება, დიქტატურა.“
„დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია მას ეძღვნება, არა ამერიკას ან თქვენ. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია შეპყრობილია წარსულით და არა მომავლით. მას სურს, დემოკრატია შესწიროს ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენი კამპანია განსხვავებულია, ჩემთვის და კამალასთვის ჩვენი საარჩევნო კამპანია ამერიკას ეძღვნება, ყველა ასაკისა და წარმომავლობის ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. ის მომავალს ეძღვნება, რომლის აშენებასაც ჩვენ ერთად ვაპირებთ,“ – განაცხადა ბაიდენმა პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის კრიტიკას აიოვაში სიტყვით გამოსვლისას უპასუხა.
ტრამპმა მოქმედი პრეზიდენტი სისუსტეში, არაკომპეტენტურობაში, კორუფციასა და წარუმატებლობაში დაადანაშაულა.
„ბაიდენის მიღწევაა სისუსტის, არაკმპეტენტურობის, კორუფციისა და წარუმატებლობის უწყვეტი ხაზი. სხვა მხრივ, ის საკმაოდ კარგად მუშაობს, არა? ეს არის ჯოჯოხეთური სია. სწორად ამიტომ თაღლითი ჯო პენსილვანიაში დგამს შიშის გაღვივების პათეტიკურ კამპანიას. ნახეთ ის? მათ მთავრობა იარაღად აქციეს და ის ამბობს, რომ დემოკრატიისთვის საფრთხეს მე წარმოვადგენ,“ – განაცხადა ტრამპმა. „დემოკრატებმა მთავრობა იარაღად აქციეს და ბაიდენი ამბობს, რომ დემოკრატიისთვის საფრთხეს მე წარმოვადგენ,“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.