ერდოღანმა ბლინკენს სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში მიიღო. დახურული შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრამდე ენტონი ბლინკენმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან გამართა მოლაპარაკებები.


საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იბრაჰიმ კალინი და ანკარაში აშშ-ის ელჩი, ჯეფრი ფლეიკი ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე მინისტრებმა ღაზის სექტოში მიმდინარე ომი და ჰუმანიტარული კრიზისი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს,“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


თურქეთის შემდეგ ბლინკენი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა. „ჰამასის" 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რეგიონში ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია.