თურქეთის როლი გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში - სახელმწიფო დეპარტამენტი ბლინკენის ვიზიტზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რეგიონული ტურნეს ფარგლებში თურქეთშია. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მეთიუ მილერმა Twitter-ზე დაწერა, რომ თურქეთი არის NATO-ს ღირებული, დიდი ხნის მოკავშირე და პარტნიორი.

მილერის თქმით, თურქეთს გადამწყვეტი როლი აქვს რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში, მათ შორის, ღაზის სექტორის კონფლიქტის გავრცელების პრევენციაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 4-დან 11 იანვრამდე, ერთკვირიან ტურნეს იწყებს.


ბლინკენი თურქეთში, საბერძნეთში, იორდანიაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეში ჩადის.

ეს იქნება ბლინკენის მეოთხე მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, თუმცა ახლანდელ ვიზიტს ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტის გაფართოების საფრთხის ფონზე მართავს.


თურქეთის ადგილობრივი მედიის ცნობით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის ინფორმაციას ეყრდნობა, ბლინკენი შაბათს თურქ ოფიციალურ პირებსაც შეხვდება. ამასთან, CNN-ის ცნობით, მოსალოდნელია ბლინკენის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

  • Axios-ის ცნობით, ჯო ბაიდენის უფროსი მრჩეველი ამოს ჰოჩსტეინი ისრაელში ხუთშაბათს, 4 იანვარს ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს დიპლომატიურ შეთანხმებას ისრაელ-ლიბანის საზღვარზე დაძაბულობის შესამცირებლად.

ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი.


ცნობისთვის, ბლინკენის ვიზიტის პარალელურად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი ჯოზეფ ბორელი 5 იანვარს იწყებს ლიბანში ვიზიტს.

7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.