ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება უკრაინელი ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ტერორისტული სახელმწიფოს მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კიდევ ერთი დასტურია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
4 იანვარს პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების გარკვეული კატეგორიის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც აქვთ უფლება, მოითხოვონ რუსეთის მოქალაქეობა.“ განკარგულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ობლებს და მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვებს შეუძლიათ, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა პუტინის პირადი გადაწყვეტილებით, ყველა კანონიერი მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე.
მაგალითად, რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებშიც უკრაინელ ბავშვებს იძულებით აკავებენ, მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ.
„პუტინის გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანილი ბავშვების უფლებებს. რუსეთის ქმედებები არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ბათილად ის ითვლება. შესაბამისი ნორმის შემოღება მიზნად ისახავს გატაცებული ბავშვებისთვის სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობის ჩამორთმევას. ამ განკარგულების რეალური ღირებულება ის არის, რომ ის იქნება შემდგომი მტკიცებულება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, უკრაინელი ბავშვების იძულებითი ასიმილაციისა და მათთვის სამშობლოს წართმევის მცდელობის,“ - აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.