2024 წლის განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკა საზღვარგარეთის მისიებში მონაწილე ჯარისკაცების საერთო რაოდენობას შეამცირებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ივნისის ბოლოს სლოვაკეთის საბრძოლო ჯგუფის სარდლობა, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარს აკონტროლებს, ჩეხეთისგან ესპანეთს გადაეცემა. ინფორმაციას პრაღის რადიო ავრცელებს.
სლოვაკეთის ჩეხური ერთეული ახლა 450 ადამიანს ითვლის. საერთო ჯამში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარს ამჟამად 1100 სამხედრო მოსამსახურისაგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი იცავს. თუმცა ეს რიცხვი თანდათან 5000-მდე გაიზრდება. ჩეხეთის რესპუბლიკის არმიის წევრები ამჟამად ჩართულნი არიან 14 უცხოურ მისიაში, მათ შორის, კოსოვოში, ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვაში.
ცნობისთვის, ბოლო წლებში მოკავშირეებმა გააძლიერეს NATO-ს წარმომადენლობა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფების შექმნით ბულგარეთში, ესტონეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. მათ ასევე გაგზავნეს მეტი ხომალდი, თვითმფრინავი და ჯარი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩრდილოეთით ბალტიის ზღვიდან სამხრეთით შავ ზღვამდე. ალიანსის განცხადებით, ეს ქმედებები ცხადყოფს მოკავშირეების გადაწყვეტილებას და მზადყოფნას, დაიცვან ალიანსის ტერიტორია და მოსახლეობა.
ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის გაზრდა, რუსეთის მხრიდან მისი მეზობლებისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ არსებულ საფრთხეებზე პასუხია.
NATO-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
2018 წლის ნოემბერში შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, NATO-მ გადაწყვიტა, გაეზარდა თავისი ყოფნა რეგიონში სიტუაციური ცნობიერების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. მოკავშირეებმა ასევე გააძლიერეს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვისთვის მეტი წვრთნითა და წვრთნებით, ასევე, პორტებში ვიზიტებით.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა გაგზავნეს დამატებითი ხომალდები, თვითმფრინავები და ჯარები NATO-ს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოზიციას. ეს მოიცავს ათასობით დამატებით ჯარისკაცს ალიანსის საბრძოლო ჯგუფებში, გამანადგურებელ თვითმფრინავებს NATO-ს საჰაერო საპოლიციო მისიების მხარდასაჭერად, ბალტიის და ხმელთაშუა ზღვებში საზღვაო ძალების გაძლიერებას, ჯარების საერთო მზადყოფნის გაზრდას და მაღალ მზადყოფნაში მყოფი NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების განლაგებას რუმინეთისკენ.