ესპანეთი კოსოვოს მიერ გაცემულ პასპორტს აღიარებს, თუმცა კოსოვოს არ აღიარებს დამოუკიდებელ, სერბიისგან განცალკევებულ სახელმწიფოდ.
შესაბამისი განცხადება ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა 8 იანვარს გააკეთა.
მადრიდმა კოსოვოს პასპორტი აღიარა მას შემდეგ, რაც პირველ იანვარს ამოქმედდა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი, რომელიც კოსოვოს მოქალაქეებს უფლებას აძლევს შენგენის ზონაში ვიზის გარეშე იმოგზაურონ.
ამ დრომდე ესპანეთი იყო ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც უარს აცხადებდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზეც და კოსოვოს პასპორტის მფლობელებსაც უარს ეუბნებოდა ქვეყანაში შეშვებაზე. ესპანეთი ევროკავშირის იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელიც არ ცნობს ბალკანეთის სახელმწიფოს, რომელმაც 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან. ესპანეთის გარდა, ეს ქვეყნები არიან კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.