საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სარჩელები არსებითად განსახილველად მიიღო - GDI

საკონსტიტუციო სასამართლომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიიღო. ინფორმაციას სარჩელების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს.

კერძოდ, GDI-მ გაასაჩივრა 2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი განისაზღვრა. ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. აღნიშნული მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრძანება ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას.


GDI-ს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას.

„ბრძანება პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვის გზით, რომელთა კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას. ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც ხელს შეუშლის საზოგადოების ინფორმირებას ქვეყანაში აქტუალურ საკითხებზე," - აცხადებენ ორგანიზაციაში.


ასევე გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბერს ბრძანება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ”, რომელიც ძალაში 2023 წლის 18 სექტემბერს შევიდა. ბრძანების თანახმად, პარლამენტის ვიზიტორს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის, პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. ბრძანების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე დაუშვებელია სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების, აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა. ამგვარი აკრძალვების საფუძვლად საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წესების დაცვა სახელდება.

GDI-ის შეფასებით, მიღებული წესები გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში. ორგანიზაციის შეფასებითვე, ორივე საქმეზე არსებითი განხილვის შემდეგ გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა ცნონ.