„ისრაელის მთავრობასთან ვმუშაობ, რომ ღაზის სექტორიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ,“ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში განაცხადა, როდესაც მომიტინგეებმა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეძახილებით, სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.
„მესმის მათი ვნებათაღელვა და მე ისრაელის მთავრობასთან ჩუმად ვმუშაობ, რათა მათი ყოფნა შემცირდეს და ღაზიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ისრაელს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ 7 ოქტომბერს დაესხა თავს, რასაც ისრაელის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება. ბოლოს ამის შესახებ „მტრებსაც და მეგობრებსაც“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეახსენა.