ბენიამინ ნეთანიაჰუ: ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება, ამას ვეუბნები, როგორც ჩვენს მტრებს, ასევე, მეგობრებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მანამ არ დაასრულებს, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება.

„ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე არ მივაღწევთ მის ყველა მიზანს - „ჰამასის“ ლიკვიდაციას, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას და დაპირებას, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს. ამას ვეუბნები როგორც ჩვენს მტრებს, ასევე ჩვენს მეგობრებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება“, - ამბობს ნეთანიაჰუ.


ისრაელის პრემიერმა „ჰეზბოლასაც“ მიმართა. მისი თქმით, იმუნიტეტით არცერთი ტერორისტი არ სარგებლობს.

„ვთავაზობ „ჰეზბოლას“ ისწავლოს ის, რაც ჰამასმა უკვე ისწავლა ბოლო თვეებში: არც ერთი ტერორისტი არ არის იმუნური. ჩვენ გადაწყვეტილი ვართ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ეს არის ეროვნული მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ და მის მისაღწევად პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. თუ შევძლებთ, ამას დიპლომატიური გზებით გავაკეთებთ, თუ არა, სხვა გზით ვიმოქმედებთ,“ - აღნიშნა ბენიამიინ ნეთანიაჰუმ.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლურ ტურნეს განაგრძობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, იორდანიის მეფე აბდულამ ენტონი ბლინკენი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო კამპანიის გაგრძელების „კატასტროფული შედეგების“ შესახებ გააფრთხილა. იორდანიის მონარქმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების გადამწყვეტ როლს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მხარდაჭერაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაში, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფაში.


იორდანიის მეფე აბდულამ კიდევ ერთხელ ისაუბრა პალესტინის საკითხის სამართლიანი გადაწყვეტის და ყოვლისმომცველი მშვიდობის აუცილებლობაზე, რომელიც დაფუძნებულია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე რეგიონული სტაბილურობისთვის.

იორდანიის მონარქი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა პალესტინელების იძულებით გადაადგილებას და აღნიშნა, რომ იორდანია მხარს არ უჭერს ღაზის სექტორისა და დასავლეთ ნაპირის გამიჯვნის მცდელობებს, რადგან ისინი პალესტინის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია.

იორდანიის მედია წერს, რომ მეფე აბდულამ დაგმო პალესტინელების დასახლებული პუნქტების მიმართ ძალადობის აქტები და იერუსალიმში წმინდა ადგილების დარღვევა, რაც ხაზს უსვამს სასწრაფო ინტერვენციის აუცილებლობას რეგიონული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.


ბლინკენის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ გავლენა „ძალადობის დაუსრულებელი ციკლის“ თავიდან ასაცილებლად.

მისი თქმით, ვაშინგტონი ცდილობს, რომ კონფლიქტი რეგიონში არ გავრცელდეს.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობისთვის საშინელი მდგომარეობაა შექმნილი, რის გამოც აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ დიპლომატიაში, როგორც თავად ღაზის მომავლისთვის, ასევე, უფრო ფართოდ, ისრაელელების, პალესტინელებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.


აშკარაა, რომ რეგიონში მცხოვრებთა უმრავლესობას აქვს ძლიერი სურვილი მომავალი მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტების დეესკალაციისა და ქვეყნების ინტეგრაციისთვის. ეს არის ერთი გზა, ეს არის ერთი მომავალი.

სხვა მომავალი არის ძალადობის დაუსრულებელი ციკლი, იმ საშინელი მოვლენების განმეორება, რაც ჩვენ ვნახეთ, რაც, პრაქტიკულად, არავის სურს,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა უკვე საბერნეთში ვიზიტისას.


2023 წლის 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.