კალასი: ესტონეთის წვლილი უკრაინის გამარჯვებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ს 0,25% იქნება

ესტონეთი უკრაინის დაცვაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ის ჩადებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

„ესტონეთის წვლილი უკრაინის გამარჯვებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშპ-ს 0,25%-ი იქნება. თუ თითოეული ქვეყანა 0,25%-ს გაიღებს, ეს არის ის, რაც უკრაინას ამ ომის მოსაგებად სჭირდება,“ - განაცხადა კალასმა. მან ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ესტონეთის მაგალითს მიჰყვნენ.


ესტონეთის პრემიერის განცხადებით, 2022 წლიდან ესტონეთმა უკრაინას თითქმის 500 მილიონი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარება გაუწია. კაია კალასის თქმით, ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ანელებს გადაწყვეტილების მიღებას.


ესტონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სხვადასხვა ქვეყანაში თანმიმდევრული ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარება იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა.

„ეს ასევე აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.