მედია: სომხეთმა საქართველოს გავლით რუსეთში საბორნე მიმოსვლა შეაჩერა

სომხურ მედიაში გავრცელებული ცნობით, ერევანმა საქართველოს გავლით რუსეთში საბორნე მიმოსვლა შეაჩერა. მიზეზად ამ მარშრუტის არარენტაბელურობა სახელდება.

რუსული და სომხური მედია სომხეთის ეკონომიკის მინისტრის ვაჰან ქერობიანის სიტყვებს ციტირებენ.

საბორნე გადასასვლელმა, რომელიც თითქოს, საქართველოს გავლით სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანსპორტირებისთვის ზემო ლარსის სახმელეთო გზის ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა.

„ბორანი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ჩვენი შეფასებით, მას არ გამოუწვევია საკმარისი ინტერესი ექსპორტიორებსა და იმპორტიორებში. კომპანიებმა საკმარისად ვერ ისარგებლეს საბორნე მომსახურებით," - აღნიშნა მინისტრმა.


ქერობიანის თქმით, რუსეთი სომხეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, თუმცა, მისი წილი შედარებით შემცირდა. მისივე ცნობით, სიაში მოდევნო ადგილებს არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, საქართველო და აშშ იკავებენ.


როგორც მინისტრმა აღიშნა, „განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სომხეთმა ძირითადი ძალისხმევა სხვა ქვეყნებში ექსპორტის გააქტიურებისკენ უნდა მიმართოს.“ სომხეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ერევანი ექსპორტის დივერსიფიკაციაზე მუშაობს და ამ მიმართულებით სხვადასხვა ნაბიჯი გადაიდგმება.

მინისტრის თქმით, მთავარი მიმართულება იქნება ახლო აღმოსავლეთი, ასევე მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნები, აზიური, ევროპული და ამერიკული მიმართულებები. ამრიგად, კერობიანის თქმით, ერევნის ძალისხმევა მიემართება საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაციისკენ, ვიდრე ერთი მიმართულებით სხვა მარშრუტების ძიებისკენ. ამასთან, განიხილება ექსპორტის ხელშეწყობის არაერთი პროექტი, რათა მხარი დაუჭირონ კომპანიების ექსპორტს ახალ მიმართულებებით.


ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გასული წლის მაისში აცხადებდნენ, რომ სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის მარშრუტით ტვირთის რეგულარული გადაზიდვა 2023 წლის აპრილიდან დაიწყო, სიმართლეს არ შეესაბამება. სააგენტო აღნიშნავდა, რომ აპრილში ორი კომერციული რეისი ნამდვილად შესრულდა ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით და ის პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შეასრულა.