სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთსაც უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთს უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება.
 
არარატ მირზოიანის თქმით, სომხური მხარე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს და მოლაპარაკებები, შეხვედრები გაგრძელდება. მირზოიანის განცხადებით, მთავარია ძირითადი პრინციპების კონსოლიდაცია, რომლებზეც სამშვიდობო შეთანხმება უნდა დაფუძნდეს.

„არაერთხელ გაჟღერებულა ეს პრინციპები – ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება ყოველგვარი დათქმისა და გაურკვევლობის გარეშე. ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ სიცხადეს. ხელშეკრულებამ უნდა განსაზღვროს მკაფიო საფუძვლები, რომლითაც გაგრძელდება სასაზღვრო დელიმიტაციის პროცესი. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ხელშეუხებლობა და დელიმიტაციის პრინციპები, ეს არის ის, რასაც სომხეთი, პირველ რიგში, აყენებს.

კიდევ ერთი პრინციპი ეხება რეგიონული ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვას. მშვიდობა ხომ არ არის მხოლოდ სროლის არარსებობა. ეს არის ღია საზღვრები, საქონლისა და ხალხის მოძრაობა. ძნელია, მშვიდობა უწოდო ვითარებას, რომელშიც სომხეთი რჩება ბლოკადაში. განბლოკვა ასევე უნდა მოხდეს რამდენიმე პრინციპის მიხედვით, ისინი ასევე ცნობილია – ქვეყნების სუვერენიტეტი კომუნიკაციებზე, თანასწორობა და ურთიერთგაგება. აზერბაიჯანს თუ ექნება წვდომა სომხეთის კომუნიკაციებსა და რკინიგზაზე, სომხეთსაც უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება,“ – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.