მმართველი გუნდი რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. პარლამენტში სპეციალური განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტი ახლო მომავალში იქნება ინიცირებული.
ოხანაშვილის განცხადებით, მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, თუმცა ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისათვის არ ითვალისწინებს პროპორციულ პასუხისმგებლობას.
როგორც მან განმარტა „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო საკითხის შესწავლა.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა, შევისწავლით საერთაშორისო და, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.
ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.).
ამიტომ, ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის! ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს (მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს).
შედეგად, ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება," - განაცხადა ოხანაშვილმა.