ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბენზინის დეფიციტია. რადიო თავისუფლების ცნობით, მეორე კვირაა, იქ რუსეთის ფედერაციიდან საწვავი აღარ შეუტანიათ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უნიტარული საწარმო „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ ხელმძღვანელობა ავტომობილების მფლობელებს სთხოვს, გაგებით მოეკიდონ ნავთობპროდუქტების და საპოხი მასალების დროებით არარსებობას. ადგილობრივი, ე.წ სახელმწიფო ნავთობაზა კი დაახლოებით 7-10 დღეში განაახლებს მუშაობას.
„ბენზინის მოცულობისთვის ჯერ კიდევ დეკემბერში გადავიხადეთ, მაგრამ ხანგრძლივი საახალწლო არასამუშაო დღეების გამო ჩვენი ვაგონების გადმოტვირთვა ვერ მოხერხდა. ამაჟამად ხელმისაწვდომი მარაგი სწრაფად იწურება რადგან ნავთობაზას მოსახლეობისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები აქვს,“ - განმარტა „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ ხელმძღვანელმა სოსლან ჯიგკაევმა. მისივე განმარტებით ვლადიკავკაზში საწვავის გადმოტვირთვა მალე დაიწყება და ცხინვალამდე ჩატანას კვირიდან ათ დღემდე დასჭირდება.
დე ფაქტო რესპუბლიკაში ნავთობპროდუქტების ერთადერთი მიმწოდებელია როსნეფტი. ადგილობრივი ნავთობაზის საწვავით კი ძირითადად საბიუჯეტო და ე.წ სახელმწიფო სამსახურები სარგებლობენ.
როსნეფტი საწვავს პირდაპირ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო საწარმოს აწვდის და ფასიც კერძო საწარმოებისგან განსხვავებით ორიოდე რუბლით იაფია ხოლმე. ამიტომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები ძირითადად ნავთობაზის საწვავს იყენებენ.
გასულ წელს დე ფაქტო რესპუბლიკაში ბენზინი რამდენჯერმე გაძვირდა და ეს რუსეთში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდით აიხსნებოდა. მაგალითად, ბენზინი გასული წლის აპრილში 40 რუბლი (ლარზე ცოტა მეტი) ღირდა. ივლის-აგვისტოში მისმა ფასმა 41 რუბლი (ლარი და ორმოცი თეთრი) შედაგინა. სექტემბერში კი უკვე 60 რუბლს (ლარი და სამოცდახუთი თეთრი) გადასცდა. ადგილობრივი მოხელეები მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ საწვავის დეფიციტს მაქსიმუმ ათ დღეში აღმოფხვრიან, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ხშირად, უამინდობის გამო იკეტება, ამიტომ, ეს ვადა შეიძლება, კიდევ გახანგრძლივდეს.