გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ჩრდილოეთში გამავალი გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ დივერსიას. პროკურატურა მომხდარის ყველა ვერსიას განიხილავს. ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში გაზსადენის მშენებლობა რამდენჯერმე დაბრკოლდა ეკოაქტივისტების მიერ მოწყობილი ბლოკადების გამო.
ტრასა გერმანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნაწილს შეადგენს. მშენებარე გაზსადენი ETL 180 ქალაქ ბრიუნსბიუტელში შიდა ენერგეტიკულ ქსელთან აკავშირებს მცურავ ტერმინალს, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერების მიღებისთვის არის განკუთვნილი. საწარმო Gasunie Deutschland GmbH & Co. KG-მ იანვრის დამდეგს განაცხადა დაზიანების შესახებ, მაგრამ მომხდარის მასშტაბები არ იყო ცნობილი.
Der Spiegel-ის ცნობით, უცნობმა პირებმა გაზსადენში მინიმუმ რვა ათმილიმეტრიანი ხვრელი გაბურღეს. დაზიანება სხვადასხვა ადგილას მდებარეობს ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე. ნოემბრის ბოლოს გაზის საცდელი გადატუმბვისას საწარმომ გამოავლინა, რომ გარეშე ჩარევის შედეგად დარღვეულია ჰერმეტულობა, და მაშინვე პოლიციას შეატყობინა ამის შესახებ. Der Spiegel-ის ინფორმაციით, ზიანით გამოწვეული ზარალი მილიონ-ნახევარ ევროს შეადგენს.
დაზიანებისთვის გამოიყენეს პროფესიონალური მოწყობილობა, მათ შორის, სპეციალური მცირეკალიბრიანი ბურღები, იტყობინებიან შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის სისხლის სამართლის პოლიციის გამომძიებლები. გაზსადენი შლეზვიგ-ჰოლშტაინის ტერიტორიაზე გადის. ფოლადის მილს თავდაპირველად არ ეტყობოდა ხვრელები, ვინაიდან გაბურღვის შემდეგ ისინი კვლავ დაფარეს გარსით. ექსპლუატაციის დაწყება 2023 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი. მაგრამ ამ ფედერალურ მხარეში ძლიერი წყალდიდობების გამო მშენებლობა დაგვიანებით დასრულდება.
ბრუნსბიუტელის გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი რიგით მესამეა გერმანიაში. გაზის პირველ ტანკერს უკვე იანვარში მოელიან. ამ გზით ტრანსპორტირებულმა გაზმა უნდა შეცვალოს მილსადენის გაზი, რომელსაც ქვეყანა 2022 წლამდე იღებდა რუსეთიდან.