ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში. ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია - ამირან გამყრელიძე

„ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში კომპანია Pfizer-თან ტელეკონფერენციაა დაგეგმილი და შესაძლოა ვაქცინის საქართველოში შემოტანის კონკრეტული თარიღი გახდეს ცნობილი.

მისივე თქმით, COVAX-ის პლატფორმის გარდა, ვაქცინის შემოტანაზე მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირ Pfizer-თან, Astrazeneca-სთან, Modernas-თან და კიდევ რამდენიმე კომპანიასთან.

„ასევე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა COVAX-თან უკვე სხვა ვაქცინებზე, მათ შორის პირველ რიგში არის Astrazeneca. ასევე მიმდინარეობს მუშაობა Moderna-სთან, კიდევ რამდენიმე კომპანიასთან და ქვეყანასთან. მიმდინარეობს მუშაობა ახალ ვაქცინებზე, რომლებიც უკვე უნდა გამოჩნდეს ბაზარზე დაახლოებით მაისი-ივნისში. მრავალმხრივი მუშაობა მიდის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ ვაქცინა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მაისის ბოლომდე 200 000-მდე მოქალაქის აცრა იგეგმება. გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ვაქცინების განაწილება უსამართლოდ მიმდინარეობს.

„გვინდა, მაისის ბოლომდე 200 000-მდე ადამიანი ავცრათ, ხოლო ივნისიდან ქვეყანაში დაიწყოს მასობრივი აცრები. იცით, რომ წელს ჩვენი სამიზნე არის დაახლოებით 1 700 000 მოზრდილი ადამიანის აცრა ორჯერადად. 200 000 ადამიანს ნამდვილად ავცრით მაისის ბოლომდე.

ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში, რადგან დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყველა შეხვედრაზე, ეს იყო მიუნხენის კონფერენცია, თუ დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ყველგან გამახვილდა ყურადღება, რომ მსოფლიოში ვაქცინების განაწილებაში უსამართლობაა. ყველა მოუწოდებს, რომ როგორმე ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. ანუ მდიდარმა ქვეყნებმა გადანაწილების მექანიზმი სწრაფად უნდა ამუშაონ, არ დაიცადონ, ვიდრე თავის მოქალაქეებს არ აცრიან და შემდგომ გადაანაწილებენ ვთქვათ სხვა ქვეყნებზე, რადგან ამ მდიდარ ქვეყნებს ნაყიდი და დაბევებული აქვთ უკვე ორჯერ, სამჯერ და ზოგს ხუთჯერ მეტი დოზა, ვიდრე წელს სჭირდებათ საკუთარი მოსახლეობის ასაცრელად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „პირველ არხთან“.