ლიეტუვის მხარდაჭერა უკრაინას აძლიერებს - ზელენსკი

ლიეტუვის მხარდაჭერა ძალიან ღირებულია უკრაინელი ხალხისთვის და აძლიერებს უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


„ჩვენ ერთად ვდგავართ და შევინარჩუნებთ ჩვენს ერთობას. უკრაინის მხარდაჭერა საბოლოო ჯამში ნიშნავს ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთისა და ყველა სახელმწიფოს მხარდაჭერას, რომლებიც არიან და იქნებიან დამოუკიდებლები რუსეთის ნებისმიერი ამბიციის მიუხედავად,” - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პირველი უცხოური ვიზიტი 2024 წელს, მეგობარ ლიეტუვაში შედგა.


„ომის დროს ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთის უკან დახევა შესაძლებელია. ახლა კი ამოცანაა, დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია, დავიბრუნოთ მშვიდობა ჩვენთვის, ის მშვიდობა, რომელიც ჩვენ გვინდა. მხოლოდ მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი ერებისთვის - უსაფრთხოება, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ხანგრძლივი უსაფრთხოება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ეს წელი მრავალი თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, ლიეტუვისთვის და თავისუფალი სამყაროს ყველა პარტნიორისთვის. „ამიტომ, წელს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული თავისუფლების, ჩვენი სახელმწიფოების მთლიანობის, ჩვენი კულტურის დაცვისა და ყველა ერის სამართლიანი მშვიდობის სასარგებლოდ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.