ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზება, ქვეყნისთვის შესაძლებლობებს ქმნის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა. მასთან საუბრის თემები მოიცავდა დეპარტამენტის მიზნებს ევროკავშირთან, ბალკანეთთან და სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში. ბლინკენის თანაშემწემ ასევე განიხილა ისეთ პრიორიტეტები, როგორიცაა, NATO-ს 2024 წლის სამიტი ვაშინგტონში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 


ჯეიმს ო'ბრაიენმა ევროკავშირის მიერ პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროპული პერსპექტივის შეთავაზებას, ამ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა უწოდა.


სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.

ბლინკენის თანაშემწის თქმით, სასიხარულოა, რომ მხარეებს შორის დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად ორმხრივი დისკუსიები გრძელდება.

„ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ მათ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] აქვთ აქტიური დღის წესრიგი ორმხრივ დონეზე და აგრძელებენ დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას. ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები და სიამოვნებით ვუჭერთ მათ მხარს, როგორც შეგვიძლია,“ - განაცხადა ო’ბრაიენმა.


სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. მას მიაჩნია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეგიონში განვითარების კარგ შესაძლებლობებს შექმნის.

 „ჩვენ გვაქვს ძალიან ყოვლისმომცველი ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ კავშირებსა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობებს. გვსურს დავინახოთ, რომ ორივე სარგებლობს სამშვიდობო შეთანხმებით და ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიზნით, ყველაზე მისაღები გზით,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.


მან სომხეთი რეფორმებისთვის კიდევ ერთხელ შეაქო.

„სომხეთში რეფორმების დღის წესრიგი ძალიან შთამბეჭდავია. აზერბაიჯანში არჩევნები ახლოვდება და მე ვიცი, რომ შემიძლია, ვისაუბრო იმ როლზე, რომელიც მას სურს, ითამაშოს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაში და ვფიქრობ, სამშვიდობო მოწყობა მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ გეგმებს.


ახლა ჩვენ გვსურს, შეგვეძლოს განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც დღის წესრიგში გვაქვს ორივე ქვეყანასთან, დაწყებული ჩვენი შეშფოთებით პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ, ორმხრივი საკითხებით დასრულებული და ჩვენ გვექნება ძალიან სრული დღის წესრიგი, როგორც კი წინ წავალთ. მაგრამ ეს ყველაფერი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი, გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისკენ წახალისების ქოლგის ქვეშ განიხილება,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.


კიდევ ერთი თემა, რომელზეც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ისაუბრა, რუსეთისთვის აქტივების კონფისკაციაა. უფრო კონრეტულად, Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა.

  • კერძოდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს. 

„ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ დაპირებას, რომელიც G7-მ უკვე დადო და ვემზადებით ამ დისკუსიაში ჩვენი როლის შესასრულებლად,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

როგორც მან განმარტა, ადმინისტრაცია განიხილავს აღნიშნულ კანონმდებლობას, როგორც დამხმარე ინსტრუმენტს, რომ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკული გზით წინსვლა შეძლოს. 


უნგრეთზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ევროკავშირში მარტო ყოფნა აირჩია იმ თვალსაზრისით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  - ღირს თუ არა ბრძოლა უკრაინელების მხარდასაჭერად, რომლებიც ითხოვენ იმავე თავისუფლებას, რასაც თავად ითხოვდა, როდესაც ის ახალგაზრდა სტუდენტი იყო.


„ჩვენ გვინდა, ვიხილოთ უნგრეთი, როგორც კონსტრუქციული პარტნიორი. ჩვენ ყველა ვსვამთ რთულ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ისეთ გარემოში, სადაც აშკარაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. და ვიმედოვნებ, რომ უნგრეთი მომავალშილ ამ სულისკვეთებით საუბარს შეძლებს.“