საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს პარლამენტში მოხსენებით წარდგება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
პრეზიდენტის რანგში ეს ზურაბიშვილის ბოლო მოხსენება იქნება.
„როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ზურაბიშვილი ბოლოს პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, ოქტომბერში მივიდა.
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გასული წლის მარტში წარდგა.