უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეთანხმება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე იმოქმედებს.
„ბრიტანეთთან ასეთი გარანტიები 1991 წელს რომ ყოფილიყო მიღწეული, ომი არ დაიწყებოდა,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. აღნიშნული ხელშეკრულება გულისხმობს ვილნიუსში NATO-ს სამიტზე უკრაინასა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებული ჩარჩო-დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიმდინარე წელს 2,5 მილიარდ ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
„ეს აჩვენებს აქ არსებული სიტუაციის სერიოზულობას და ჩვენს მტკიცე მზადყოფნას, ვიდგეთ უკრაინის გვერდით. მინდა, გავუგზავნო მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი უკრაინელ ხალხს, ასევე გზავნილი, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა იცოდეს, ჩვენ არსად წავალთ. მე აქ ვარ ერთი მკაფიო გზავნილით. გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას,“ - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.