უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში.
უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის გრძელვადიანი დახმარების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება პირველ თებერვალს იქნება ცნობილი.
„რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას: უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ ამას, ვიდრე ეს დეკემბერში იყო. ვფიქრობ, რომ შედეგს მივაღწევთ," - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის მხარდასაჭერად სთხოვა. პაკეტში გათვალისწინებულია კიევისთვის 61 მილიარდი დოლარის გაგზავნა. ეს ბიუჯეტი ჯერ არ არის დამტკიცებული, რადგან კონგრესში რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ დაფინანსების საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ.
უკრაინას აშშ-სგან 2023 წლის სამხედრო დახმარების ბოლო, 250 მილიონი დოლარის ოდენობის, პაკეტი დეკემბრის ბოლოს გაეგზავნა.