რა წერია „უკრაინის გამარჯვების გეგმაში“, რომელიც „რესპუბლიკელებმა“ შეიმუშავეს

აშშ-ის კონგრესში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის არასათანადო დახმარებისთვის გააკრიტიკა და გადამწყვეტი ზომების მიღება მოსთხოვა. შესაბამისი დოკუმენტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სამმა კომიტეტმა გამოაქვეყნა, რომლებსაც „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლები უდგანან სათავეში. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დოკუმენტი გასული წლის ბოლოს შემუშავდა და მას საგარეოს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაკოლმა, შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ როჯერსმა და დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკ ტერნერმა მოაწერეს ხელი.


დოკუმენტის მიზანია აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის კრიტიკულ საკითხებზე პასუხის გაცემისა და გამარჯვების გეგმის წარმოდგენა, სადაც „ჩვენ ვიგებთ, რუსეთი კი აგებს“. გეგმა 5 ძირითადი პუნქტისგან შედგება.

„რუსეთი და ალიანსი, რომელშიც ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ასევე ისეთი დაჯგუფებები, როგორიცაა, “ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ შედიან, ერთად მუშაობენ, რათა მსოფლიოში აშშ-ის ინტერესებს ძირი გამოუთხარონ. მათი მიზანია აშშ-ის ეკონომიკის დასუსტება, საკვანძო ალიანსების დაშლა და ტოტალიტარიზმზე დაფუძნებული ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს უფრო საშიშ მოწინააღმდეგესთან შეხება არ ჰქონია,“ - წერია დოკუმენტში.

„რესპუბლიკელები“ მოითხოვენ, რომ ბაიდენმა უკრაინას ის კრიტიკული იარაღი მიაწოდოს, რომელიც მას გამარჯვების რაც შეიძლება მალე მიღწევის შესაძლებლობას მისცემს, რადგანაც ნებისმიერი დაყოვნება არის „უკრაინელთა სიცოცხლე და ამერიკელი გადამხდელების ზედმეტი ხარჯები.“


უკრაინის გამარჯვების გზა:

პირველ რიგში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღის მოკლე ვადებში მიწოდება;

პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება;

უკრაინისთვის 300 მლრდ დოლარის გადაცემა რუსეთის გაყინული აქტივებიდან.

კონგრესმენები უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე მონიტორინგს ითხოვენ. ამასთან, აღიარებენ, რომ აქამდე მიწოდებული დახმარების მიზნობრიობის შემოწმების შედეგად, დარღვევები არ გამოვლენილა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინის გამარჯვება NATO-ს მის წევრ ქვეყანაში რუსეთის შეჭრას თავიდან აარიდებს, რაც ფინანსების და ამერიკელების სისხლის მხრივ, განუზომლად უფრო ძვირი იქნება.

ამერიკელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ დოკუმენტი „უკრაინას მისცემს შესაძლებლობას, მიაღწიოს საჭირო წარმატებებს ბრძოლის ველზე, რაც აიძულებს პუტინს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.“


თავის მხრივ, Bloomberg-ი წერს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, დიდი ალბათობით, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში, უკრაინის პრეზიდენტს სთხოვს, რუსეთთან ომის წარმოების უფრო კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს.


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის მხარდასაჭერად სთხოვა. პაკეტში გათვალისწინებულია კიევისთვის 61 მილიარდი დოლარის გაგზავნა. ეს ბიუჯეტი ჯერ არ არის დამტკიცებული, რადგან კონგრესში რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ დაფინანსების საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ.

უკრაინას აშშ-სგან 2023 წლის სამხედრო დახმარების ბოლო, 250 მილიონი დოლარის ოდენობის, პაკეტი დეკემბრის ბოლოს გაეგზავნა.

ასევე Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭო მზადაა, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს, რომ კიევს გამოეყოს ნაწილი რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივებიდან 300 მილიარდი დოლარის ოდენობით. მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებით, უკრაინის აღდგენას 411 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „დიდ შვიდეულში“ თავის პარტნიორებთან ერთად სწავლობს უკრაინისთვის რუსული სახსრებით კომპენსაციის გადახდის საკითხს.