უკრაინის ინფრასტრუქტურის აღსადგენად დანია $22,2 მილიონს გამოყოფს

დანიის მთავრობამ უკრაინის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ფინანსური დახმარება მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის აღდგენას - ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფას, აგრეთვე ნაღმების აღმოჩენასა და განეიტრალებას, იუწყება დანიური მედია. ახალ პაკეტში $22,2 მილიონია გათვალისწინებული. თანხა მიკოლაივის აღდგენას მოხმარდება. ეს არის მესამე ასეთი პაკეტი, რომელიც უკრაინის ფონდის ფარგლებში გამოიყოფა.


დანია უკრაინას ამ ფონდის საშუალებით, სამი მიმართულებით ეხმარება: სამხედრო მხარდაჭერა, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და კერძო სექტორის მხარდაჭერა. დანია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ახალი პაკეტის გათვალისწინებით, კოპენჰაგენმა უკრაინისთვის უკვე დახარჯა 4,5 მილიარდი დოლარი. 2023 წელს დანიამ უკვე გამოყო $100 მილიონზე მეტი მიკოლაივის რეგიონის რეკონსტრუქციისთვის.