საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ მიიღონ აქციაში მონაწილება თუ ის დესტრუქციული გახდება

 საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ დღეს, 13 იანვარს "ალტ ინფოს" მიერ დაგეგმილი აქცია, შესაძლოა, პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში გადაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ მიიღონ ასეთ ქმედებებში მონაწილეობა.
 
„ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა,“  - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 
დღეს, საპატრიარქომ რიგით მეორე განცხადება გაავრცელა.

თავდაპირველ განცხადებაში წერია, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას.

„მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა.


პარლამენტთან, პრორუსული ორიენტაციის „ალტ-ინფოს“ ორგანიზაცებით, აქცია იმართება. „მოვითხოვთ, დაისაჯოს ყველა, ვინც ჩვენ დედა ეკლესიას ექცევა იმ ფორმებით, რომლებიც გადავიდა ზღვარს,“ - განაცხადა პროტესტის ორგანიზატორმა ზურაბ მახარაძემ.

სამებაში ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო.