საპატრიარქო: ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე

საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა.


„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის.

ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ.


სამწუხაროდ, ისევ გვიწევს გამეორება, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს.

იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.


ადგილი ჰქონდა კანონიკასთან შეუსაბამო ფრაგმენტის შემცველი ხატის საპატრიარქო ტაძარში განთავსებას, რისი არდაშვებაც, პირველ რიგში, ამ ტაძრის მსახურთა პასუხისმგებლობა იყო და ასეთი ფაქტის გამოვლენის შემდეგ ხატის კანონიკაში მოყვანაზე,ბუნებრივია, საპატრიარქომ იზრუნა. სწორედ ეს აისახა საპატრიარქოს განცხადებაში. ამიტომ ამ გადაწყვეტილების გამო საპატრიარქოს სამსახურზე ან მის თანამშრომელზე უსამართლო თავდასხმა (როგორც არ უნდა იყოს შეფუთული), რისი მომსწრენიც გავხდით, უშუალოდ საპატრიარქოს და პატრიარქის მოწინააღმდეგე ძალების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია.


ასევე აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას - მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში თანაზიარება ეკრძალება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


ცნობისთვის, 7 იანვარს გასაჯაროვდა ცნობა, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ტაძრისთვის შეწირულ მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული იყო საბჭოღა დიქტატორი იოსებ სტალინი, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია. 


სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა განათავსა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ.


11 იანვარს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“

განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“


„თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი.

12 იანვარს არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შენდობას ითხოვს.

„მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,“ - წერდა არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.

13 იანვარს, ჰომოფობიური და პრორუსული ორიენტაციის „ალტ ინფომ“ ნატა ფერაძის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია დაგეგმა.