კულება: საფრანგეთი მხარს დაუჭერს არამხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ, კონკრეტული ვადების დაცვას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები განიხილა. კულებას თქმით, საფრანგეთი მხარს დაუჭერს არამხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ, კონკრეტული ვადების დაცვას.   როგორც კულებამ აღნიშნა, ასევე განიხილეს უკრაინის ცის დასაცავად სისტემებისა და რაკეტების, ასევე, დრონების შემდგომი მიწოდების საკითხი.


„დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი თავდაცვის კომპანიებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის ვიმუშავებთ, უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში, რათა მათ შორის, თანამშრომლობის სამართლებრივი და ფინანსური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს და მათ რაც შეიძლება მეტი იარაღის წარმოება შეძლონ,“ - განაცხადა კულებამ.


საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა.

„საფრანგეთი უკრაინის გვერდით იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება. ეს გადაწყვეტილება უცვლელია და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის სისტემების, საბრძოლო მასალების, საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და არტილერიის მიწოდებით გამოიხატება. ვიცი, როგორ აფასებთ ფრანგულ ტექნოლოგიას, რომელიც თქვენი მიწის დასაცავად მიიღეთ.


ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საკუთარ მიწაზე იარაღის საწარმოებლად უკრაინის შესაძლებლობა ერთობლივად გავაძლიეროთ და ჩვენ მზად ვართ, ამ სფეროში დაგეხმაროთ“, - განაცხადა სტეფან სეჟორნემ.