რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის ფონზე, პოლონეთმა საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანა

დღეს, 13 იანვარს, პოლონეთმა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე, თავისი თვითმფრინავები გაააქტიურა. თითქმის სამი საათის შემდეგ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ავიაცია სტანდარტულ ოპერაციებს შემცირებული საფრთხის ფონზე დაუბრუნდა. იტყობინება პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

„პოლონეთის არმია მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინაში და რჩება მზადყოფნაში პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია განცხადებაში.
 
უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა F-16-ები და მოკავშირეთა საჰაერო ტანკერი 2 იანვარსაც აამოქმედა.

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე სხვადასხვა ტიპის რაკეტების გამოყენებით, მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
 
შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მასიური დაბომბვის დროს, ამოუცნობმა ობიექტმა NATO-ს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს რუსული რაკეტა იყო. ინციდენტის საპასუხოდ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა მოიწვია. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მაკეი კლიშის თქმით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.