ზელენსკი: უკრაინამ ჩამოაყალიბა ჩვენი დროის უსაფრთხოების შეთანხმებების მოდელი

უკრაინამ ჩამოაყალიბა უსაფრთხოების შეთანხმებების მოდელი, წარმოადგინა თავისი ძლიერი უსაფრთხოების პოზიციები მთელ ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ქვეყანა არ გაწევრიანდება NATO-ში. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა.


ბევრს სმენია მე-20 საუკუნის უსაფრთხოების სამაგალითო შეთანხმებების შესახებ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის და სხვა მსგავსი შეთანხმებების შესახებ. ახლა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი დროის ასეთი მოდელი - ის, რაც ახლა გვაძლევს ნდობას, მაშინ როდესაც ჩვენ ვიცავთ თავს რუსული აგრესიისგან და ვამყარებთ ჩვენს ძლიერ პოზიციებს უსაფრთხოებისთვის მთელი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება.


ჩვენი მთავარი უსაფრთხოების მიზანია ალიანსი. ახლა კი, დიდ ბრიტანეთთან ამ შეთანხმების საფუძველზე, ჩვენ ვმუშაობთ სხვა პარტნიორებთან ორმხრივ შეთანხმებებზე. G7 საბაზისო მემორანდუმს უკვე შეუერთდა თითქმის 30 სახელმწიფო. მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსი, ყველა ლიდერის, რომელიც უკვე მუშაობს ჩვენთან უსაფრთხოების საკითხებზე. ყველას ვინც შემოგვიერთდება წელს. და, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი დიდ ბრიტანეთს და პირადად პრემიერ-მინისტრ სუნაკს,“ აღნიშნა ზელენსკიმ.


დღეს ის კიევში ასევე შეხვდა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში პენი პრიცკერს.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი გამძლეობისთვის საჭირო ნაბიჯები. ჩვენ მოუთმენლად ველით კონგრესის გადაწყვეტილებას უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ - მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ყველა სახელმწიფოსთვის, რომლის სტაბილურობა დამოკიდებულია საერთაშორისო სამართლის სიძლიერეზე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა და მადლობას ვუხდი ყველას ამერიკაში - ყველას, ვინც გვეხმარება თავისუფლების შენარჩუნებაში,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, წლევანდელმა წელმა უნდა მოიტანოს კონკრეტული შედეგები უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. „და ეს ასეც იქნება. ჩვენი არსენალი გაძლიერდება,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.