რუსული საფრთხისგან თავდასაცავად, შვედეთი წყალქვეშა ნავების მშენებლობას იწყებს

შვედეთმა დაიწყო ორი წყალქვეშა ნავის მშენებლობა, რომლებიც განკუთვნილია ბალტიის ზღვაში პატრულირებისთვის. 

Politico-ს ცნობით, წყალქვეშა ნავების აშენების გადაწყვეტილება რუსეთისგან მომდინარე სავარაუდო საფრთხეს უკავშირდება. ეს იქნება შვედეთის მიერ აშენებული პირველი წყალქვეშა ნავები 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ.


A26 ტიპის 66 მეტრიანი წყალქვეშა ნავები სახელწოდებით -  Blekinge და Skåne, 2027 და 2028 წლებში გაეშვება ექსპლუატაციაში და ოთხ არსებულ წყალქვეშა ნავთან ერთად, საბრძოლო მოვალეობას შეასრულებენ ბალტიის ზღვაში.

სამშენებლო სამუშაო კარლსქრონაში მდებარე გემთმშენებლობის ქარხანაში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ნორვეგიამ ახლახან შეუკვეთა 4 ახალი წყალქვეშა ნავი გერმანული კონცერნ ThyssenKrupp Marine Systems-ს, ხოლო დანიამ, რომელმაც 2004 წელს უარი განაცხადა საზღვაო ფლოტზე, ახლა მისი დაბრუნების სურვილი გამოთქვა. 

ბოლო დროს დაუდგენელი წყალქვეშა ნავები რამდენჯერმე აღმოჩნდნენ შვედეთის ტერიტორიულ წყლებში; 2022 წელს აფეთქება მოხდა Nord Stream გაზსადენზე შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ხოლო გასულ წელს დაზიანდა ესტონეთთან დამაკავშირებელი წყალქვეშა კომუნიკაციები.